პურის სასარგებლო თვისებები
პური ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ინგრედიენტია. ამის შესახებ ჩვენმა მკითხველმა ძალიან კარგად იცის. თუმცა, ბევრისთვის მაინც ბუნდოვანია კონკრეტულად რა იგულისხმება ნათქვამში „ჯანმრთელობისათვის აუცილებელი".
დღეს პურის სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ.
ნახშირწყლები
პურში უხვადაა კომპლექსური ნახშირწყლები და ისინი ადამიანის ორგანიზმისათვის ენერგიის ძირითადი წყაროა. ნახშირწყლები განსაკუთრებით საჭიროა ტვინისა და ნერვული სისტემისთვის.
დღესდღეობით დიეტის მოყვარულები უპირატესობას ნახშირწყლებით ნაკლებად მდიდარ პროდუქტს ანიჭებენ. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რომ ნახშირწყლების საჭირო ოდენობით მიღება ყველასთვის - მოზარდებისა და ბავშვებისთვისაც - აუცილებელია.
უჯრედისი
საკვები ბოჭკო, ანუ უჯრედისი (ინგლ. Fiber) აუცილებელია კუჭ-ნაწლავისთვის და ზოგადად საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. გარკვეულწილად, ის წონაში კლებასაც უწყობს ხელს.
საკვების საერთაშორისო ინფორმაციული საბჭო მიიჩნევს, რომ იმ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც უჯრედისს შეიცავენ, ორგანიზმი ნელა ამუშავებს. შესაბამისად, ადამიანს შიმშილის გრძნობა დიდხანს არ ახსენებს თავს.
ინფორმაციული საბჭოს შეხედულებით, დიეტური უჯრედისის მიღება კიბოსა და გულის დაავადებების რისკსაც ამცირებს.
B ვიტამინი
თეთრი პური მდიდარია B ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ის საჭიროა ნერვული სისტემისთვის და ასევე, ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) მიერ ჟანგბადის გადატანას ორგანიზმის ქსოვილებში.
საყურადღებოა, რომ ადამიანის ორგანიზმი არ ინახავს B ვიტამინს, ამიტომ მათი ყოველდღიურად მიღება აუცილებელია.
ფოლიუმის მჟავა და რკინა
ფოლიუმის მჟავა, იგივე ვიტამინი B9, ძირითადად ბოსტნეულში გვხვდება, მაგრამ მისი მიღება პურის დახმარებითაც შესაძლებელია. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში ეხმარება. ის ასევე დიდ როლს თამაშობს წითელი უჯრედების ფუნქციონირებაში.
გამდიდრებული მარცვლეული ასევე შეიცავს რკინას, რომელიც ორგანიზმში ჟანგბადის მოძრაობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ზემოთ თქმულის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ პური ადამიანისათვის შეუცვლელი სწორედ მისი სასარგებლო თვისებების გამოა. პური ხომ ადამიანის ორგანიზმს მინერალური ნივთიერებების საჭირო მარაგს აწვდის, რაც ზრდისთვის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესია.