"კვირის პალიტრის" ინტერვიუ შაქრო ბაკურაძესთან
2016 წელს კომპანიამ „იფქლი“ საწარმო ევროპული უახლესი დანადგარებით განაახლა. „იფქლის“ საწარმოში დაინერგა პურის ხაშით ცხობის ტექნოლოგიები და უკონტაქტოდ ცხობა. ჩვენ გავესაუბრეთ „იფქლის“ დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს, ბატონ შაქრო ბაკურაძეს. - ბატონო შაქრო, რა ტექნოლოგიაზეა საუბარი? შეგიძლიათ აგვიხსნათ? - ერთია დანადგარები და მეორე, თავად პურის წარმოების სრულყოფილი ტექნოლოგიები. საქართველოში საწარმო არ არსებობდა, რომელსაც სრულად ავტომატიზირებული და უკონტაქტო ცხობა შეეძლებოდა. ჩვენ ამ ინდუსტრიაში 1993 წლიდან წარმატებით ვმოღვაწეობთ და ეს ჩემი გამოწვევა იყო. მიზნად დავისახე, რაც არ უნდა დამჯდარიყო, გამეკეთებინა. აბა, 26 წელია წინ არ მიიწევდა ინდუსტრია. გაგონილა, რომ საქართველოში პურის წარმოება მოიკოჭლებდეს? ჩვენ ხომ პურის და ღვინოს ქვეყანა ვართ. 2015 წელს მოვინახულეთ სხვადასხვა ქვეყნები და იქაური დანადგარები. ბოლოს არჩევანი ერთ-ერთ ევროპულ მწარმოებელზე შევაჩერეთ. ამ თანამედროვე დანადგარების შეძენა, ჩამოტანა, დამონტაჟება კარგა ხანს გაგრძელდა. იოლი არ გეგონოთ ამხელა მასიური პროექტის განხორციელება. ბევრი დეტალი იყო გასათვალისწინებელი. თანამშრომლების ტრენინგიც იყო საჭირო, რომ ამ ახალი კომპიუტერული სისტემის გამოყენება გამართულად შეძლებოდათ. 2016 წლის დასაწყისში უკვე მზად ვიყავით. დღეს კი “იფქლში” პურეული ამ ახალი დანადგარების მეშვეობით სრულად ავტომატიზირებული პროცესით უკონტაქტოდ ხორციელდება. - თქვენ ახსენეთ პურის ცხობის სრულყოფილი ტექნოლოგია. შეგიძლიათ აგვიხსნათ რას გულისხმობთ? - ტრადიციულად საქართველოში ცხობის სრულყოფილ მეთოდს იყენებდნენ, ანუ ცომს ზელდნენ, მას უმატებდნენ დამჟავებულ ცომს, ანუ ხაშს და შემდეგ გუნდას საკმარისი დრო ეძლეოდა ასაფუებლად. 90-იანებში ყველაფერი შეიცვალა, მათ პურის ინდუსტრიაშიც და აქ საქმე უკეთესობისაკენ არ წასულა. მოიშალა ის სტანდარტი, რაც არსებობდა. ასევე, დაიკარგა ცოდნა. თავად წარმოიდგინეთ, 23 წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ სასიკეთო ცვლილება განგვეხორციელებინა. როგორც იქნა 2015 წელს შევძელით გამოგვეყო საჭირო თანხები. ამავდროულად, მოვიძიეთ პურის ცხობის ნამდვილი სპეციალისტი, ადამიანი, რომელმაც პურის ცხობის ტექნოლოგიები ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლა. ახლა ის ჩვენი მთავარი ტექნოლოგია დასრულყოფილი პროცესით პურის წარმოებაში გვეხმარება. ცომი იზილება, მზადდება ხაში პურის გასაფუებლად … ვიცი, ბევრმა ალბათ არ იცის ეს რა არის, ამიტომაც ყველას გაძლევთ შესაძლებლობას ეწვიოთ ჩვენს საწარმოს და გაეცნოთ პროცესებს. ჩვენი მთავარი ტექნოლოგი დაწვრილებით აგიხსნით ყველაფერს. - თქვენ ამბობთ, რომ ნებისმიერს შეგვიძლია თქვენი საწარმოს მონახულება? - კი ბატონო, სწორედ ამას მოგახსენებთ. შეგიძლიათ დარეკოთ “იფქლში”, საწარმოს დათვალიერების სურვილი გამოთვათ და ჩვენი თანამშრომელი დაგაკვალიანებთ. - რა დაუჯდა კომპანიას ამ საწარმოს განახლება? - ბევრი, ძალიან ბევრი. დამიჯერეთ და ეს ხარჯი მეამაყება კიდეც, რადგანაც ამ დანახარჯით ჩვენ თბილისის მოსახლეობას ნამდვილი, ხარისხიანი და ჯანსაღი მეთოდით ხაშზე დამზადებული პური დავუბრუნეთ. შეგახსენებთ, რომ “იფქლი” ერთადერთი კომპანიაა დღეს საქართველოში, რომელიც მასიურ წარმოებაში პურის გასაფუებლად დამჟავებულ ცომს, ანუ ხაშს იყენებს.