top of page

კომპანია "იფქლმა" დაჭრილი და დაუჭრელი ბატონების შეფუთვები განაახლა

21 ოქტომბერი, 2015

კომპანია „იფქლი“ მომხმარებელს დაჭრილ და დაუჭრელ ბატონს სრულიად განახლებული შეფუთვებით სთავაზობს.

 

„მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის ამოცნობა რომ გავუადვილოთ, ახალ შეფუთვებს „იფქლის“ ლოგო და სლოგანი - გულით გამომცხვარი - ამშვენებს“, - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი, ქალბატონი ხატია ოძელაშვილი.

 

პროდუქტის მომხმარებლამდე საუკეთესო პირობებში მიწოდების მიზნით, კომპანია „იფქლი“ უკვე ხუთ წელზე მეტია რაც პურეულს შეფუთულს, შესაბამისი ეტიკეტირებით უშვებს ბაზარზე. საკონდიტრო ნაწარმის შეფუთვა კი "იფქლმა" ორი წლის წინ დაიწყო.

 

„პურ-ფუნთუშეულის შეფუთვა, გარდა იმისა, რომ უფრო ჰიგიენურია, ამავდროულად ინახავს პროდუქტს. კომპანიაში პურეულის დიდი უმეტესობა ძვირადღირებული ქაღალდის შეფუთვაშია, რადგან იგი პურს იცავს გახმობის, გამოშრობისა და დანესტიანებისაგან“, - განაცხადა „იფქლის“ მთავარმა ტექნოლოგმა, ბატონმა გელა კოდალაშვილმა.

 

კომპანიამ შეფუთვების განახლება წარმოების გაუმჯობესებასაც დაამთხვია. სულ მალე კომპანიაში „იფქლი“ პურეული სრულყოფილი ცხობის მეთოდით, ხაშზე დამზადდება. „იფქლის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ბატონი ბაქარ ბაკურაძის თქმით, შეფუთვების შეცვლა ამ ფაქტთანაცაა დაკავშირებული.

 

კომპანიამ პურ-პროდუქტების წარმოება დაიწყო 1993 წლიდან. დღესდღეობით „იფქლი“ 75-მდე სახეობის პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს. განსაკუთრებული მიღწევებისათვის ამ ინდუსტრიაში, „იფქლი“ წელსაც გახდა „გოლდენ ბრენდის“ აღიარებისა და „ხარისხის ნიშნის“ მფლობელი.

 

Please reload

bottom of page