„იფქლის“ პურფუნთუშეული უკვე ქუთაისშიც იყიდება
12 მაისი, 2016
კომპანია „იფქლი“ პურფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტით უკვე ქუთაისშიც წარსდგა. ამ წლის მიმდინარე თვიდან რჩეული ნაწარმი ქუთაისელი მომხმარებლებისათვის ჩვეულ ფასშია ხელმისაწვდომი.
„ჩვენ წლების განმავლობაში ვიღებდით წერილებს ქუთაისელებისაგან თხოვნით, „იფქლის“ პურეულით მოგვემარაგებინა მათი უბნები. ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა შევძელით დაბრკოლებების გადალახვა და ახლა, ქუთაისის მაცხოვრებლებს ჩვენი პურეულის და ფუნთუშეულის შეძენა შეუძლიათ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ბაქარ ბაკურაძემ.
„იფქლის“ პროდუქცია ქუთაისში მაღაზიების ქსელ „დეილიშია“ წარმოდგენილი. „იფქლის“ ნაწარმის შეკვეთა ქუთაისის უბნის მაღაზიებსაც შეუძლიათ.
კომპანია „იფქლი“ 1993 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ამ წლების განმავლობაში ის სამჯერ გახდა „გოლდენ ბრენდის“ ჯილდოს, ასევე ხარისხის ნიშნის მლობელი. კომპანია დღესდღეობით პურფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტით თბილისს, რუსთავს, გორს, მცხეთას და ქუთაისს ამარაგებს.