ბაქარ ბაკურაძის ინტერვიუ ტელევიზიასთან "პალიტრანიუსი"

ამ კომპანიის პროდუქციას უამრავი ადამიანი მოიხმარს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ კომპანია ბაზარზე ჯერ კიდევ 1993 წლიდან არსებობს. PALITRANEWS-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონამ” ამჯერად კომპანია ”იფქლის” ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ბაქარ ბაკურაძეს უმასპინძლა.
როგორ ”ცხვება” პურის ბიზნესი საქართველოში, აქვს თუ არა პურს პოლიტიკური ფასი და როდის ჩაეშვება სრულყოფილი ტექნოლოგიით, ხაშზე გამომცხვარი პური წარმოებაში - ამის შესახებ მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.
- ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რომ თქვენი კომპანია ბაზარზე ჯერ კიდევ 1993 წლიდან არსებობს და მამათქვენის მიერ არის დაარსებული. როგორი იყო კომპანიის პირველი ნაბიჯები ბაზარზე? - ეს რთული პერიოდი იყო. მამაჩემმა ბიზნესის კეთება 90-იან წლებში დაიწყო. ”საბჭოთა კავშირის” დაშლის შემდეგ საქართველოში მთლიანი ეკონომიკა მოიშალა, საომარი სიტუაცია იყო, ფაქტობრივად, ქვეყანაში და არაფერი ფუნქციონირებდა. თითქმის თავიდან იწყებოდა ქვეყნის შენება. მამაჩემი სოფლის მეურნეობის ინჟინერი იყო განათლებით, მუშაობდა პროფესიით და დარჩა უმუშევარი ამ პირობებში. შემდეგ რამდენიმეჯერ სცადა სხვადასხვა ბიზნესში ფეხის მოკიდება, როგორც დაქირავებულმა თანამშრომელმა, მაგრამ არ აეწყო საქმე. შემდეგ გადაწყვიტა, რაღაცა თავისი ეცადა. ამ ძიებაში ერთ-ერთ პატარა საცხობს მიაგნო, ერთი პატარა ღუმელი იდგა, რომელსაც ვეღარ ამუშავებდნენ. მოლაპარაკებების შედეგად, მამამ ვალით გადმოიბარა წარმოება. საუბარია 40 ათას დოლარზე, რომელიც 1993 წელს კოლოსალური თანხა იყო.
- თქვენ თქვით, რომ თვითონ ეს საწარმო არ იყო რენტაბელური და მამას რა გარანტია ჰქონდა, რომ აამუშავებდა და მომგებიანს გახდიდა? - მამაჩემი ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული პიროვნებაა. მთელი თავისი ცხოვრება შრომაში აქვს გატარებული. ალბათ ჰქონდა რაღაც ალღო ან სტიმული. ხედავდა მომავალს ამ საქმეში. ასე უცბად არ მიუღია გადაწყვეტილება. გახსოვთ ალბათ, იყო პერიოდი, როცა პურის რიგები იყო, მიწოდება არ იყო იმდენი, რაც მოთხოვნა იყო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პოტენციალი არსებობდა.
- პირველივე პროდუქცია პური იყო? - პირველი, რისი წარმოებაც ჩვენმა კომპანიამ დაიწყო, ეს იყო ფუნთუშეული. კერძოდ, მრგვალი ქიშმიშიანი ფუნთუშა, რომელიც დღესაც ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია - პოზიციები არ დაუთმია სხვა პროდუქციისთვის.
- თუ გახსოვთ, მაშინ რა ღირდა პირველი პროდუქცია? - თუ არ ვცდები, 10-15 თეთრის ფარგლებში ღირდა. იქიდან გამომდინარე, რომ არც გამოცდილება ჰქონდა, კადრებიც არ იშოვებოდა, სპეციალისტები ნაკლებად იყო, მამაჩემს თვითონ უწევდა ბევრი რამის კეთება: ბუღალტერიასაც თვითონ აწარმოებდა, ზოგჯერ დისტრიბუციასაც ეხმარებოდა. იმდენად პატარა წარმოება იყო, ყველაფერი ერთ პატარა ოთახში ხდებოდა. პლუს ამას ემატებოდა ის, რომ დენი არ იყო, გვიწევდა გენერატორზე მუშაობა, რომელიც ხარჯებს უფრო ზრდიდა. ძალიან გაუსაძლისი პირობები იყო. მამაჩემი კვირაში, შესაძლოა, 2-3 დღე მოსულიყო სახლში. ისიც ღამე დასაძინებლად. დანარჩენი სულ სამსახურში იყო იმიტომ, რომ ეს დანადგარებიც მოძველებული იყო და ხშირად მწყობრიდან გამოდიოდა. მობილურებიც არ იყო მაშინ და რამდენჯერ ყოფილა, რომ სახლში მოვიდოდა დაიძინებდა და უცებ ვიღაცა ქოშინით ამოვიდოდა მე-9 სართულზე, დააკაკუნებდნენ და წაიყვანდნენ ისევ - რაღაცა გაგვიფუჭდაო. ძალიან დიდი შრომის ფასად, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით წინ.
- დაარსების დღიდან ეს კომპანია ”იფქლის” სახელით იყო ცნობილი? - არა. მაშინ სხვა სახელი ერქვა. კომპანია ამ სახელწოდებით 2006 წელს დარეგისტრირდა. როდესაც ახალ სახელზე დავიწყეთ ფიქრი, გვინდოდა ქართული დასახელება ყოფილიყო, თან ახალი. სულხან-საბას ლექსიკონში ვეძებდით სიტყვებს და იქ ამოვიკითხეთ, რომ ”იფქლი” ძველქართულში ნიშნავს შემოდგომაზე ნათეს ხორბალს. გურამიშვილსაც აქვს თავის ლექსში ეს სიტყვები გამოყენებული, ბიბლიაშიც არის ნახსენები ეს სიტყვა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ამ სახელის დარქმევა.
- თქვენ თქვით, რომ იფქლი საშემოდგომო ხორბალს ნიშნავს. როგორ ფიქრობთ, დადგება ის პერიოდი, როდესაც ჩვენ შევძლებთ ადგილობრივად წარმოებული ხორბლის ფქვილით გამოვაცხოთ პურ-ფუნთუშეული? - საქართველოში შეიძლება ძალიან კარგი მოსავლის მიღება. უბრალოდ, შესაბამისი მოვლა უნდა ამ კულტურას. ჩვენთან პრობლემა ის არის, რომ მთლიანად საქართველოს რომ ეყოს, იმ რაოდენობის ხორბალი, ვერ მოვა. მაგრამ ნახევარზე მეტი შეიძლება იყოს ადგილობრივი ხორბალი. სრულად ვერა - არ აქვს ჩვენ ქვეყანას იმხელა პოტენციალი, რომ სრულად ჩვენს ხორბალზე ვიყოთ დამოკიდებული.
- ერთი ქიშმიშიანი ფუნთუშით დაწყებული ბიზნესი დღეს რამდენი სახეობის პროდუქციას აწარმოებს? - დაახლოებით, 75 დასახელების პროდუქციას ვაწარმოებთ. მაგრამ ეს რაოდენობა სისტემატიურად იზრდება ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. არ შეიძლება ერთ ადგილზე გაჩერდე. დღეს რომ ქიშმიშიან ფუნთუშას აცხობ, ვიღაცა რაღაცას დაამატებს და მოსახლეობა, მომხმარებელი იქით გადადის - სიახლეს ეძებს. შენც რომ არ ჩამორჩე, ამატებ რაღაცას. კონკურენციამ განაპირობა ის, რომ დღეს ”იფქლი” ამდენი სახეობის პროდუქციას აწარმოებს.
- თქვენ რა ეტაპზე შეუერთდით კომპანიას? - 2005 წელს დავიწყე კომპანიაში აქტიურად მუშაობა. თუმცა ბავშვობიდან, როცა თავისუფალი დრო მქონდა სულ დავდიოდი და ვცდილობდი მაქსიმალურად დავხმარებოდი მამაჩემს. ყოველთვის მქონდა ინტერესი, რას და როგორ აკეთებდა.
- სამი სხვადასხვა ხელისუფლება, სხვადასხვა ბიზნესგარემო - როდის უფრო მარტივი იყო ბიზნესის კეთება? - თუ 90-იან წლებს ავიღებთ, რთული პერიოდი იყო. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოშიც სიტუაცია დალაგებული არ იყო და ამის გარეშე ვერაფერს აკეთებდი, მეორე იყო კრიმინალური სიტუაცია.
- თუმცა ბაზარი იყო აუთვისებელი. - დიახ, მაგრამ რისკი იყო. არ გქონდა და უბედურება იყო, მაგრამ გქონდა და ესეც უბედურება იყო. რომელი რომელს ჯობდა, კაცი ვერ გაარკვევდა. გატაცებები, ათასი მუქარა, ბევრი ცუდი რამ ხდებოდა. სტაბილურობა ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია. სხვანაირად ვერ განვითარდები, წინ ვერ წახვალ. აქედან გამომდინარე, თუ ამ პერიოდებს შევადარებთ, პირველი შეიძლება საერთოდ გამოვრიცხოთ. რევოლუციის შემდეგ სიტუაცია დალაგდა. შიშის ფაქტორი მოიხსნა, რომ შეიძლებოდა უსამართლო რაღაც მომხდარიყო.
- თუმცა, გაიზარდა კონკურენცია და რთული იყო თავის დამკვიდრება. - სხვათა შორის, მომხმარებლისთვის ყოველთვის უკეთესია კონკურენციის არსებობა. ასევე ჩვენთვის. გარკვეულ სტიმულს გაძლევს, რომ იმუშაო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სწორედ ამ კონკურენციამ განაპირობა მიზნისკენ სწრაფვა, რომ არ ჩამორჩე თუნდაც მოწინავე წარმოებებს, ვინც ამ სექტორში საქმიანობს. მუდმივად ისწრაფვოდე სიახლეების დანერგვისკენ. რაღაც პერიოდში ბიზნესზე წნეხიც წამოვიდა, სირთულეებიც იყო. დღესდღეობით თითქმის ყველანაირი წნეხი მოხსნილია. ბაზარი ზეწოლისგან თავისუფალია. ჩემი აზრით, ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი სტაბილური გარემოა. სხვა შემთხვევაში არც ინვესტიცია შემოვა. არავინ დაინტერესდება ადგილობრივი ბაზრით, სანამ სტაბილურობა არ იქნება. არ იქნება მთავრობის ცვლა, გადანაწილებები. ეს უნდა დამთავრდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს და ადგილობრივმა ბიზნესმენმაც ისევ ქართულ ბაზარში ჩადოს ფინანსები და ინვესტიციები.
- წლების განმავლობაში, მიზეზთა გამო, პურის ცხობის ტრადიციული ტექნოლოგია საერთოდ გაქრა საქართველოდან და იმ ტექნოლოგიით, რომლითაც მთელ მსოფლიოში ცხვება ასეთი მნიშვნელობის პროდუქტი, ჩვენთან ასე არავინ აცხობს. გთხოვთ, განმარტოთ ჩვენი მკითხველისთვის, როგორ ცხვება პური საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში. - ხშირად გამიგია მეც და ალბათ თითოეულ ჩვენგანს, რომ კომუნისტების პერიოდში პურს სხვანაირი არომატი, სხვანაირი გემო ჰქონდა. ხაშზე ცხობის ტექნოლოგია - ეს არის პურის ცხობის სრულყოფილი ტექნოლოგია. 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ეს ტექნოლოგია დაიკარგა. დანახარჯებიც მეტი აქვს ამ ტექნოლოგიას. პლუს ამას, უფრო რთული პროცესია, ვიდრე ის, რომლითაც დღეს საქართველოში იწარმოება პური.
- მარტივად რომ ვთქვათ, ამ ხაშზე ცხობის ტექნოლოგიის გაქრობით, ერთის მხრივ, იხეირეს პურის მწარმოებლებმა, თუმცა მეორე მხრივ, მომხმარებელი დაზარალებული დარჩა. - რა თქმა უნდა. მომხმარებელი მოტყუებული დარჩა იმიტომ, რომ იმ ხარისხს ვერ იღებს, რაშიც ფულს იხდის. როდესაც ეს საკითხები გავიარეთ გამოფენებზე და კონფერენციებზე უცხოელ კოლეგებთან, ყველა გაკვირვებული დარჩა. ჩვენთან არის მხოლოდ პურის ცხობის არასრული ტექნოლოგია. ყველას გაუკვირდა, რატომ იყო ეს პროცესი ამოგდებული - პურის ხაშზე ცხობა, იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი ციკლია. ჯერ უნდა დამზადდეს ხაში, შემდეგ იზილება ცომი და ასე შემდეგ. რომ ვისაუბრეთ დადებით და უარყოფით მხარეებზე, ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, დაგვებრუნებინა ეს მეთოდი საქართველოში. ამ მეთოდით პატარა მწარმოებლე