რამდენად საშიშია გენმოდიფიცირებული პროდუქტი?
გენმოდიფიცირებული პროდუქტები და მათი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალიან აქტუალური საკითხია. უამრავი ადამიანი საუბრობს მის უარყოფით ან დადებით მხარეებზე. გთავაზობთ ინფორმაციას თემაზე, რაც ყველამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.
რა არის გენმოდიფიცირებული პროდუქტი გმო, ანუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც ხელოვნური ჩარევით შეუცვალეს სტრუქტურა მისი სხვაგვარი განვითარებისათვის. ის შეიძლება განხორციელებულიყო ხელოვნური და ბუნებრივი სელექციით, ან გენური ინჟინერიით. გენმოდიფიცირების შედეგია მაგალითად ვაშლატამა, ვიტამინ A-ს შემცველობის გაზრდა ბრინჯში, უკურკო საზამთრო, თანამედროვე ბანანი და ბროკოლი.
გენმოდიფიცირება არ არის სიახლე უამრავი წლის წინათ, როდესაც ადამიანებმა მარცვლეულის მოყვანა და ცხოველის მოშინაურება დაიწყეს, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, მათ ხელოვნურ შერჩევას მისცეს დასაბამი. ხელოვნური შერჩევის საფუძველზე, ფერმერები მხოლოდ იმ თესლს იყენებდნენ მოსავლის მისაღებად, რომელსაც უკეთესი ნაყოფი ჰქონდა.მაგალითად, თუ პომიდორი პატარა და მაგარი იყო, მომავალში ფერმერი დიდი და წვნიანი პომიდვრის თესლს რგავდა. დროთა განმავლობაში კი, მხოლოდ ასეთ პომიდორს იღებდა.
იგივე მოხდა ცხოველების შემთხვევაში. 1950 წლისთვის, საშუალოდ ერთი ქათამი წელიწადში 135 კვერცხს დებდა. წლების შემდეგ, კაცობრიობამ ხელოვნური შერჩევის გზით მიაღწია იმას, რომ ქათამი ყოველწლიურად 250 კვერცხს დებს. დასკვნა კი ერთია. გენური ინჟინერია ბუნებაში უცხო არ არის. მხოლოდ, დღეს, ხელოვნური ჩარევით ლაბორატორიებში, პროცესი დაჩქარებულია და უფრო შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე წინათ.
ხელოვნური სელექციის დროს შედეგების წინასწარ განჭვრეტა წარმოუდგენელია. გენური ინჟინერია კი პროცესის მკაცრი კონტროლის საშუალებას იძლება. როცა ალუბლის ტოტს მსხლის ხეზე ამყნობენ, ზუსტად არავინ იცის როგორ ნაყოფს მიიღებენ შედეგად, გენური ინჟინერიის დროს კი, ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი, უპირატესობებიც და რისკებიც.
გმო სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია გენური მოდიფიცირება წლების განმავლობაში ბევრი რევოლუციური აღმოჩენის მიზეზი გახდა. მაგ:
• თუ თქვენ დიაბეტი გაქვთ, უნდა იცოდეთ, რომ გენმოდიფიცირებულმა ბაქტერიამ ინსულინი უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახადა. • თუ ზრდის პრობლემები, კერძოდ, ტერნერის სინდრომი გაწუხებთ, გენმოდიფიცირებულმა ბაქტერიამ „ადამიანის ზრდის ჰორმონის“ მედიკამენტი შექმნა, რომელიც არეგულირებს ზრდის პროცესს. • თუ ოდესმე გულის შეტევა ან ინსულტი დაგემართებათ, თქვენი გადარჩენა შესაძლოა სწორედ გენმოდიფიცირებული ბაქტერიით მიღებულმა მედიკამენტმა შეძლოს და ა.შ.
გენმოდიფიცირებული პროდუქტები საშიშია ჯანმრთელობისათის? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ გმო პროდუქტები უსაფრთხოა, თუმცა ამას 100%-იანი სიზუსტით ვერ დაამტკიცებენ.
ის, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტების მიმართ პანიკური შიში უსაფუძვლოა, ცხადია, რადგანაც კაცობრიობას გენურმა ინჟინერიამ იმაზე მეტი სიკეთე მოუტანა, ვიდრე ავნო.
თქვენ რა გსმენიათ გენომოდიფიცირებულ პროდუქტებზე ან ამ თემაზე რა გაინტერესებთ?